22 დეკემბერი 2024,   08:10
ვრცლად
ვასამბეკ ბოკოვის წერილი "კურიერს" ციხიდან - პირველი განმარტებები ხმაურიანი სპეცოპერაციიდან 2 თვის შემდეგ

"მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროვო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა" - ასე იწყება წერილი, რომელიც "კურიერმა" რუსთავის 6-ე სასჯელარსურების დაწესებულებიდან მიიღო. ამ გზავნილის ავტორი ვასამბეკ ბოკოვია. ეს იმ დოკუმენტების თანახმად, რომლის გაყალბებისთვის ახლა ბრალდებულის სტატუსით, მკაცრი რეჟიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.

სამგვერდიანი წერილით ბრალდებული ბოკოვი ცდილობს ახსნას, რის გამო ჩამოვიდა საქართველოში და რას საქმიანობდა იქამდე, ვიდრე ხმაურიანი სპეცოპერაციით დააკავებდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ასახელებს რამდენიმე მიზეზს - მათ შორის, პირად ინტერესს პანკისის ხეობაში გასული წლის ნოემბერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. ვასამბეკ ბოკოვი ირწმუნება, რომ სწორედ მას არგეს როლი, გაეკეთებინა ყველაფერი დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად.

"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება იყო. ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ," - წერს ბოკოვი.

წერილის ავტორი პანკისში არც ფოტოსურათით და არც ვასამბეკ ბოკოვის სახელითა და გვარით ეცნობათ. ხეობაში მხოლოდ რამდენიმე თუ მოიძებნება, ვინც ამ პიროვნებას იცნობს, თუმცა არა ვასამბეკ ბოკოვის, არამედ ახმედის სახელით. ირკვევა, რომ დაკავებულს ყველაზე ხშირი კონტაქტი ხანგოშვილებთან ჰქონდა. დღეს ეს ოჯახი დუმს.

სისხლის აღების მუქარის გარდა, ვასამბეკ ბოკოვი გამოგზავნილ წერილში კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს , რის გამოც საქართველოში ჩამოვიდა. ის ამტკიცებს, რომ დაიწყო ადგილობრივი ბაზრის შესწავლა, საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის. მხოლოდ ამ მიზნით შეისყიდა შავი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომლითაც თვეების განმავლობაში გადაადგილდებოდა. ბრალდებული ხაზს უსვამს, რომ თანხა, რომლითაც ავტომობილი შეიძინა, ოჯახის ბიუჯეტს ეკუთვნის.

"გარდა ამისა, მე მსურდა საქართველოში ბიზნესის წამოწყება. ჩემმა თანამემამულეებმა შემომთავაზეს დავკავებულიყავი საავტომობილო ბიზნესით. დავინტერესდი და დავიწყე ადგილობრივი ბაზრის შესწავლა. ვიყიდე ავტომობილი. ვაპირებდი, რომ კიდევ მეყიდა და უკრაინაში გადამეყვანა. ამ ბიზნესისთვის ოჯახური ბიუჯეტიდან ფულიც გამომიგზავნეს, მაგრამ დაიწყო საყოველთაოდ ცნობილი კორონავირუსის პანდემია და ჩემი ბიზნესპროექტის განხორციელება ვეღარ მოვახერხე. იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი საქართველოში. საზღვრები ჩაკეტილი იყო და გადაადგილება - შეფერხებული. უკან, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ ივნისში გამიჩნდა" - წერია წერილში.

"კურიერმა" გაარკვია ის ადგილი, სადაც ბოკოვის მტკიცებით, ის მუშაობდა. ისანში ავტოსერვისის ობიექტებზე ვასამბეკ ბოკოვის შესახებ არავინ არაფერი იცის და მსგავსი პიროვნება არც ტერიტორიაზე უნახავთ.

ვასამბეკ ბოკოვს ოფიციალურად ბრალი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვასა და გამოყენებაში აქვს წაყენებული, თუმცა სუსის ინფორმაციით, ის დაკავებულია ჟურნალისტის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. სისხლის სამართლის ამ საქმეზე ბოკოვი წერილში ბევრს არაფერს ამბობს და მომხდარს "აჟიოტაჟს" უწოდებს.

"4 - 12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი," - აღნიშნავს წერილში.

საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზის მიხედვით ვასამბეკ ბოკოვის სახელითა და გვარით ახალგაზრდა მამაკაცი ქვეყანაში პირველად თებერვალში შემოდის, ერთი კვირის განმავლობაში რჩება და საქართველოს ისევ ტოვებს. უკან მალევე მარტის თვეში ბრუნდება.

"კურიერმა", ასევე, მოიპოვა ის ბილეთი, რომლითაც ვასამბეკ ბოკოვი საქართველოს დატოვებას შავი ზღვის გავლით აპირებდა. ის 14 ივნისს უკრაინაში გეგმავდა დაბრუნებას, თუმცა 2 დღით ადრე, თბილისში საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

უკრაინასთან ვასამბეკ ბოკოვის კავშირებზე ჯერ კიდევ მისი დაკავებისთანავე საუბრობდნენ, მათ შორის, უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ამ თემაზე ვრცელი პრესკონფერენციაც ჩაატარეს და მომხდართან პოლიტიკური კავშირების შესახებ გაასაჯაროვეს ინფორმაცია.

ბოკოვის აყვანის სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში ერთერთ უკრაინულ საიტზე ფარული სატელეფონო ჩანაწერიც გამოქვეყნდა, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას წინააღდეგ დაგეგმილი მკვლელობის საქმეზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ გვარამიამ იჩქარა, როდესაც ინფორმაცია გაასაჯაროვა და უკრაინა ახსენა. არსებობს ვერსიაც, რონ გიორგი გაბუნიას მკვლელობას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ, ტელეწამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.

გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების საქმეზე გრძელდება, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვის პირდაპირი კავშირი მძიმე დანაშაულთან ვერ გამოკვეთა. გამოძიება არც ყალბი დოკუმენტის გამოყენების საქმეზე დასრულებულა და საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებითი დრო მოითხოვა. სწორედ ამის გამო, სასამართლომ ვადა 23 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

დღის ამბები