გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ-ს ოჯახის რამდენიმე წევრი პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს. შიმშილობას აგრძელებს თავად ბრალდებულიც.
პროკურატურასთან არასრულწლოვნის მოშიმშილე ბებია შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
არასრულწლოვნის მამის განცხადებით, პროტესტის მესამე დღეს ის მშრალ შიმშილობას დაიწყებს და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურატურის წინ თავის დაწვით იმუქრება. მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა, ადვოკატისთვის საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება და ასევე სიცრუის დეტექტორის გამოყენებაა.
"პროცესებს მე აღარ დავესწრები იმიტომ, რომ არც გამოძიების და საერთოდ პროცესის არ მჯერა, ცირკია ეგ, პროცესები არაა. მესამე დღეს დავიწყებ შიმშილობას უკვე, წყალს არ დავლევ. თუ არ შესრულდება ჩემი და ჩემი შვილის მოთხოვნები სუიციდს ჩავატარებ პროკურატურის წინ. ბენზინს გადავისხამ, დავიწვავ თავს,"- აცხადებს არასრულწლოვანი ზ. ხ.-ს მამა.