კორუფციაში მხილებული ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური რებრენდინგის, დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისა და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დატვირთული ჰედლაინები "ასავალ-დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გვხვდება. ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიებით ირკვევა, რომ ავტორებიც და რესპონდენტებიც დანაშაულის აღიარების მიუხედავად, ღარიბაშვილის გამართლებას ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, პუბლიკაციების დიდი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, ლაზარე ჯორბენაძის გამონათქვამებს ეყრდნობა.
რა მიზანი აქვს აღიარებული დანაშაულის ფონზე მსჯავრდებულის გამართლების მცდელობას? - ამ მთავარ კითხვაზე მთელი დღეა დუმს თავად "ასავალ-დასავალის" რედაქტორი. ლაშა ნადარეიშვილმა დღეს, არც "კურიერის" ზარებს უპასუხა და არც ოფისში დაგვხვდა. ეს კი სახელისუფლებო გუნდს უმყარებს ეჭვს, რომ გამოცემამ დეზინფორმაციული კამპანია, თავად ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით დაიწყო.
სახელისუფლებო გუნდის დაზიანების მცდელობად შეფასდა ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე, ოპოზიციის საჯარო განცხადებებიც. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის დადასტურებული ფაქტით მანიპულირების გამო, საგამოძიებო უწყებამ შეკითხვები არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუსვა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულებს არც სუიციდზე ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია და არც თავად ლაზარე ჯორბენაძის ვინაობის შესახებ იცოდნენ ღარიბაშვილის წერილამდე. დღეს კი, ყველა იმ შეკითხვას აარიდეს თავი, რომელიც "ასავალ-დასავალის" სტატიებს, მის მიზანსა თუ ფიგურანტებს ეხებოდა.
"ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია კოორდინირებულად, სენსიტიურ თემებზე შეთქმულების თეორიების აგებით ხდება - ამ სცენარის მიღმა კი ირაკლი ღარიბაშვილია. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებით ამბობენ, რომ კორუფციაში მხილებულს მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება სურს და ამას ემსახურება მის მიერ დაწყებული სპეკულაციური კამპანიაც დადასტურებულ თვითმკვლელობაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს დაუკავშირა დავით გარეჯზე. საუბარია აუდიო ჩანაწერზე, რომელიც მმართველი ძალისთვის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ჯორბენაძე საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას და მტკიცებულებას გარეჯთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ფიგურანტი იყო იმ კორუფციულ დანაშაულში, რომელიც მსჯავრდებულმა 8 თვის წინ თავად აღიარა. ახლა 5-წლიან სასჯელს, რუსთავის ნომერ 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის და ვერდიქტს კიდევ ერთ საქმეზე ელოდება. ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე მიყენებული ზარალისა და ქრთამის ფაქტზე ბრალდება მას 24 აგვისტოს წარუდგინეს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.