მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საუბარია ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა და მათ უკვე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს განიხილავს. არასრულწლოვნების ადვოკატებისთვის ბრალი სრულად მიუღებელია.
სხდომა ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, წარდგენილი ბრალდება მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია
"ჩვენ შესავალ სიტყვებში გავამახვილებთ ყურადღებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნ.ხ.-ს შესახებ. დაცვის მხარეს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ ნ.ხ.-ს დანაშაული არ ჩაუდენია. წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული, დაუსაბუთებელი," - განაცხადა არასრულწლოვან ნ.ხ.-ს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა.
"საქმეში არ გახლავთ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.ც.-მ ბრალად წარდგენილი ქმედება განახორციელა. რაც შეეხება ამის დამტკიცებას, დაცვის მხარე უშუალოდ სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ დარწმუნებულია, რომ სასამართლოს დააჯერებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არის უსაფუძვლო," - აღნიშნა ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
"უადგილოა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ორგანიზება მოაწყო. რა ორგანიზება უნდა მოეწყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს?! ის ცდილობდა, თბილისის მიმართულებით წამოსვლას, რა დროსაც შეხვდა იმ პირებს, რომელთანაც შემდგომ მოხდა კონფლიქტი. შესაბამისად, ამაზე გვექნება ჩვენი პოზიცია, რომ კვალიფიკაცია არის არასწორი," - აღნიშნა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.