19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატის თქმით, ამირხანაშვილმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.
"რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ამირხანაშვილი მიდრეკილია ხშირად ცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია. თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, 2 თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი. ახლა ის ხსნის ამას იმით, რომ თითქოს აღელვებული იყო, თუმცა აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში როგორც თვითონ ამბობს ამოიცნო ის პირები, რომლებიც ამ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, ამირხანაშვილის ჩვენება არის აბსურდია და რეალობასთან არ აქვს კავშირი.
"ვინ ადეკვატური დაიჯერებს ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებას, სადაც ის საუბრობს, რომ მას მკვლელებმა განუცხადეს, რომ მისი მეგობარიო ჩააგდეს წყალში. ეს არის აბსურდი და რეალობასთან ამას არანაირი საერთო არ აქვს. მე მინდა გამოვეხმაურო წარმოდგენილ ტელეფონს, რომელიც გუშინ ასევე მედიის საშუალებით გავრცელდა, რომ არა შექმნილი ვითარება, რომ არა ის გაყალბებული მტკიცებულებები, რომ არა მოწმეზე იძულება, რომ არა არასრულწლოვნების პოლიციაში ცემა, ნამდვილად ეჭვქვეშ დავაყენებდი ამ მობილურ ტელეფონსაც, თუმცა აღარაფერი აღარ მიკვირს და არ გამოვრიცხავ რომ ესეც რეალური არის და ამირნახანაშვილი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან საგამოძიებო ორგანოები და ის ცალკეული პირები, რომელიც მუშაობენ ამ სისტემაში," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის," რადიო თავისუფლებამ" გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმი გამოაქვეყნა. გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, "ტოიოტა ქამრში" გამართული დიალოგს დეტალებს აღწერს.