17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
მიეცეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულთა​ ნახვის საშუალება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს - თეა ახვლედიანი ევროკავშირის წარმომადგენელს მხარდაჭერას სთხოვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. "გადასასვლელი პუნქტის" ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო.

მხარეების მიერ აღინიშნა, ზოგადად, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის და მოქალაქეთა უკანონო გატაცების ფაქტებზე, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, უპირველეს ყოვლისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, 11 ივლისს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ეთხოვა მხარდაჭერა, რათა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს უკანონოდ დაკავებული ადამიანების უპირობო მონახულების საშუალება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მორიგ რაუნდთან დაკავშირებული თემატიკა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზადყოფნა მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა პოლიტიზების მცდელობის გარეშე წმინდა ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

"ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან ერთად, განვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბორდერიზაციის ჩათვლით. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გატაცების ფაქტებზე და ვისაუბრეთ ამჟამად ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. ეს თემატიკა სხვადასხვა ჭრილში განიხილებოდა ჩემს მიერ გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის საფრანგეთის ელჩთან, გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი შეხვედრები სხვა უცხოელ პარტნიორებთან, სადაც მთელი მასშტაბით და სრული სპექტრით განვიხილავთ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციით საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს," -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები