19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურისგან ახალი პირობა მიიღო - გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურისგან მიიღო პირობა, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან.

განცხადება გარდაცვლილის დედამ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი განზრახ არის მოკლული.

"დღეს კონკრეტული პასუხები არაფერზე მიმიღია. მოვითხოვე, რომ თავიდან დაეკითხათ მოწმეები,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

​ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მოწმეები თავიდან დაიკითხებიან.

"ემატებიან უკვე ისეთი ადამიანებიც ვინც სატელევიზიო ეთერშიც გამოჩნდნენ. იმათი მოძიებაც დაწყებულია. ეს ადამიანებიც გამოიკითხებიან. ასევე გამოიკითხებიან თამუნას კლასელებიც,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები