თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მამის მიერ არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაადგინოს გარდაცვალების გარემოებები, ასევე ისიც, რატომ არ მოხდა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება, თუ მათ ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ:
"პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების გარემოებები, თუმცა ასევე გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებები, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან შესაბამისი და დროული რეაგირება. რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია, მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში სისტემური იყო ძალადობა, ასევე რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და არ იყო ჩართული პროცესში სოციალური მუშაკი," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს