გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნით, დაცვის მხარე საპატიმრო ვადის გაყვანას ცდილობს.
პროკურორი არასამართლიანად მიიჩნევს, როგორც არასრულწლოვნის, ასევე მისი ადვოკატის პოზიციებს.
"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული, არის პროცესის გაჭიანურებისკენ მიმართული. ვინაიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თითოეული ბრალდებულის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. მიგვაჩნია, რომ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ცდილობს საპატიმრო ვადის გაყვანას," - განაცხადა პროკურორმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი 31 აგვისტომდე გადაიდო.
პროცესს არ ესწრებოდა არასრულწლოვანი ზ.ხ. პროტესტის ნიშნად. მან საკუთარი ადვოკატის გიორგი გელხაურის აცილება მოითხოვა. მის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი წარმოადგენს, რომელმაც ითხოვა სხდომის გადადება და ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.