7 ახალი შემთხვევა და არცერთი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში. ამ მომენტისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1462 -ია. დღეს გამოჯანმრთელების ფაქტი არ დარეგისტრირებულა, თუმცა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, COVID-19 საქართველოში 1196-მა პაციენტმა დაძლია, გარდაიცვალა 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 5900-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 200-ზე მეტი პაციენტია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სვანეთში არცერთი ახალი ფაქტი არ დარეგისტრირებულა, თუმცა 4 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ რჩება - შავი ზღვის კურორტებზე აგრესიული ტესტირება გრძელდება. ქვეყნის მაშტაბით დღეში 5000 PCR და 1500 სწრაფი ტესტი ტარდება
არსებული სტატისტიკის მიუხედავად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს COVID-19-ის არსებობის საკითხს. ეპიდემიოლოგები გარდა ზოგადი რეკომენდაციებისა, საუბრობენ იმაზეც, რომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა შიდა ტურიზმის განვითარებასა და რეგულაციების გათვალისწინებას შორის.
საგანგაშო რჩება ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. რაც შეეხება ევროპას, კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო, საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავენ.
ავტორი:თეო ცუცქირიძე