19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ზუგდიდამდე, სავარაუდოდ, მატარებლით იმგზავრა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, რომელსაც ვირუსი ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას დაუდასტურდა, სავარაუდოდ, თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ვიბლიანის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფ ორ პირს,რომლებიც სასტუმროს თანამშრომლები არიან, უკვე გაეწია რეკომენდაცია თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი ნიმუშები ტესტირებისთვის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. 

"ამ ეტაპისათვის, ორ პირს გაეწია რეკომენდაცია, ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ ღრმა ეპიდკვლევაზე. თუმცაღა, მისი მონათხრობით, მას არ აქვს დიდი კონტაქტები. სავარაუდოდ, მატარებლითაა ნამგზავრი,"-განაცხადა ნინო ვიბლიანმა. 

ზუგდიდის სასტუმროს წარმომადგენლის, სოფიო ხუბულავას განცხადებით, სასტუმროში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. მისივე განცხადებით, ქალი სასტუმროში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

"28-ში, მარიამობას შემოვიდა ეს ქალბატონი. მოაკითხეს რამდენიმე საათში, აუღეს ტესტი. მოაკითხეს საღამოს, ალბათ, 3 საათისთვის და გადაიყვანეს საგანგებო სამსახურიდან. სიცხე ან რამე სხვა სიმპტომი არ ჰქონდა,"-განაცხადა სოფიო ხუბულავამ.

ინფიცირებული ქალი რუხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას იტარებს 5 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ მიღებული 2 პაციენტის გარდა, ძველი, მესტიის კლასტერიდან არის სამი პაციენტი, რომელთა ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. 
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კლინიკაში, ასევე, მკურნალობას იტარებს ცხელებით შემოსული 4 პირი,"-განაცხადა რუხის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ. 

აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ორივე აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. 

"აჭარაში 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე პაციენტი მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქედან, 1 პაციენტი არის საკარანტინო ზონიდან, აქვს მოგზაურობის ისტორია, საბერძნეთიდან არის შემოსული, თურქეთის საბაჟოს გავლით იმყოფებოდა კარანტინში.

მეორე პაციენტი ასევე ქალია, საშუალო ასაკის, არის ქობულეთის კონტაქტი.
ორივე პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია, დამატებით ჩარევას არ საჭიროებს,"-განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის ამბები