ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი.
საქმეს მცხეთის რაიონულ სასამართლო განიხილავს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, დღეს კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებს წარადგენს ბრალდების მხარე.
ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დასვენების დღეს, შაბათს, გლდანის მერვე დაწესებულებაში შესული იყო საქმის ერთ-ერთი პროკურორი, რომლის ვინაობაც ადვოკატებისთვის უცნობია.
ისინი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვენ.
"შაბათს შესული იყო პროკურორი და ითხოვდა ჩვენებას, სამწუხაროა, რომ ამ გზით ცდილობს პროკურატურა ინფორმაციის მიღებას და არ გვატყობინებს დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებზე. გვაქვს უამრავი კითხვა, ასევე შაბათ დღეს არ არის დაშვებული შესვლა და გაურკვეველია, რატომ და ვინ იყო,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი პროცესი დღეს 3 საათზე განახლდება. გამოიკითხება ათამდე პირი, კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები სამ საათში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო.
ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.
ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.