შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული, სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე, ტელეკამერასთან პირველად გამოჩნდა.
ექსკლუზიურად ”კურიერთან” მან 18 ივნისის ღამე გაიხსენა და განმარტა, რომ მას აგარაკის ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.
სავარაუდოდ, მას ხვალ, მცხეთის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დაკითხავენ.
გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, მიაყენა თუ არა მას რკინის ხელკეტით დაზიანება ნიკა ჟვანიამ, რადგან პირველივე დარტყმა იმდენად მძიმე იყო, რომ მან გონება დაკარგა. ის ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ პროკურატურაში იმყოფება.
"მართლა არ ვიცი, რატომ დამიბარეს, დღეს დილით დამირეკეს. არაფერი არ ვიცი, არ მახსოვს, გათიშული ვიყავი. არ ვიცი ნამდვილად, რას მერჩოდნენ და რა შუაში ვიყავი. არ ვმონაწილეობდი კონფლიქტში და არ ვიცი, ფიზიკურად რატომ გამისწორდნენ,"- განაცხადა გიორგი ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქათამაძე ერთ-ერთია რომელსაც 18 ივნისის ღამეს სცემეს. მას სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ და ვინ სცემა გიორგი ქათამაძეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კი დაკავებულია 17 პირი.