ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი" ისევ ჩაკეტილია და იქ მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს. სასტუმროში 900-ზე მეტი სტუმარია, მათ შორის 400 ექიმია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდებიან ისინი სამუშაო რეჟიმს. "ოაზისის" სტუმრები ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი გახდება.
"ყველა სტუმარი და თანამშრომელი უკვე გატესტილია. გარდა ამისა, ვინც გასული იყო ჩვენი სასტუმროდან, საპატრულო პოლიციამ გზაში ყველას მანქანა გააჩერა და მათაც ჩაუტარდათ ტესტირება. როგორც კი პასუხები გვეცოდინება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ," - აღნიშნავს სასტუმრო "ოაზისის" თანამშრომელი გვანცა ხაინდრავა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით კი, დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები საკარანტინო სივრცეში უკვე გადაყვანილი არიან.
"სასტუმრო "ოაზისში" PCR ტესტისთვის 924 ნიმუში იყო აღებული. დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენ პირებს ჩაუტარდათ ტესტირება და შედეგების მიხედვით, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ რეგიონებს,"- აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე.
სასტუმრო გუშინ დილის 10 საათიდან ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა.
ამასთან, ბათუმის ბულვარში, სკვერებში, ბავშთა გასართობ ადგილებში და ავტობუსის გაჩერებებზე, ინტენსიური დეზინფექცია მიმდინარეობს.