საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენელს, რომელიც ფოთში "ღირსეული პარტნიორის" სწავლებაში იღებდა მონაწილეობას, PCR ტესტით კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, ფოთის საზღვაო პორტში სწავლება "ღირსეულ პარტნიორთან" დაკავშირებით გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა თურქული კონტრაქტორი კომპანიის, ფოთის პორტის და თავდაცვის ძალების ერთი წარმომადგენელი.
უწყების ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლის მხრიდან, სრულად იყო დაცული უსაფრთხოების ყველა წესი და კოვიდინფექციასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციები.
"როგორც ცნობილია, შეხვედრის მონაწილე თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. შესაბამისად, თავდაცვის ძალების წარმოამადგენელს ჩაუტარდა PCR ტესტი და პასუხის შესაბამისად მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.
მიუხედავად ამისა, ის პრევენციის მიზნით იზოლაციაში რჩება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას სწავლებაში მონაწილე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის მოქალაქეები არ დასწრებიან,"-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.