ჯანდაცვის შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ, პანდემიის გამო დაწესებული უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული კლუბების მეპატრონეები აცხადებენ, რომ უწყებამ უკანონოდ დააჯარიმა. როგორც ღამის კლუბებში "კურიერს" უთხრეს, ისინი ნორმების ყველა დაცვით მუშაობენ, ზოგ შემთხვევაში კი დაჯარიმება მაშინ მოხდა, როდესაც კლუბში სტუმარი საერთოდ არ იმყოფებოდა.
"ინტერნეტით გავიგეთ, რომ დავჯარიმდით. გუშინ შედგა აქტი და გვითხრეს, რომ განიხილავდნენ და შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.covid-19-ის გამო დაწესებული სტანდარტების დარღვევის გამო დაგვაჯარიმეს, ოღონდ ვერ მივხვდით რა დავარღვიეთ. ოთხჯერ შეგვამოწმეს ერთი თვის განმავლობაში, 25 ივლისს გავიხსენით და სამჯერ, თუ ვაკმაყოფილებდით, ერთ კვირაში რა ვერ დავაკმაყოფილეთ ვერ მივხვდით. მუშაობას ვაგრძელებთ, ჩვენთვის არავის უთქვამთ დაკეტეთო. უნდა მოვიდეს დადგენილება როგორც კანონია და დავიკეტებით,"- უთხრა "კურიერს" კლუბ "სექტორის" მეპატრონე ირაკლი ფირანიშვილმა.
"დაკეტილზე შემოვიდნენ, დაწერეს რაღაც ოქმი და დაგვაჯარიმეს. გვირეკავენ დღეს, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ და ოქმი აიღოთო. საფუძველი არც მომიკითხავს და არც მივდივარ, იმიტომ რომ უკანონოდ მაჯარიმებენ. კლუბში ერთი სტუმარი არ ყოფილა, დაცვის თანამშრომელი თავის საქმეს აკეთებდა, ჩვენ დავიბარეთ დისტრიბუტორები, ვუთხარით რომ ვიკეტებოდით და ინვენტარი გაეტანათ,"- განმარტავს "კურიერთან" კლუბი "UP2U"-ს წამომადგენელი დავით დოლიძე.
ჯანდაცვის შრომის ინსპექტირების სამსახურში კი ამბობენ, რომ კლუბების დაჯარიმება, პანდემიის გამო დაწესებული უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.
"ჯამში შევამოწმეთ 5 ღამის კლუბი. 4 მათგანს დარღვეული ჰქონდა უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები. იმისთვის რომ ჩვენ ეს კომპანიები წინსწრებით არერთხელ გავაფრთხილეთ და რეკომენდაციები მივეცით, შემოწმბებისას შედეგად დაგვხვდა კრიტიკული შეუსაბამობები, მივიღეთ გადაწყვეტილება გამოგვეყენებინა შეჩერების მექანიზმი და დამატებითი დარღვევების გამო, თითოეული მათგანი დაჯარიმდა 10 ათასი ლარით,"-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ ბათუმში 4- კლუბი დაჯარიმდა და დროებით დაიხურა. თითო ობიექტი 10 000-ი ლარით დააჯარიმა, ოთხივე ღამის კლუბს საქმიანობა დროებით შეჩერებული აქვს.