7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2020"-ს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები, ასევე არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში იგეგმება.
"ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.