"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდში დამსახურებულ მწვრთნელს რეზო ბუკიას შეხვდა.
რეზო ბუკიას მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება რაიონულ პოლიციასთან ერთად მისი საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს და ბოტანიკურ ბაღში სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავს.
გიგი უგულავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროვებს და არ აძლევს მას საშუალებას ბავშვები ავარჯიშოს. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს კერძო სპორტული სკოლები.
"ბატონი რეზო პირდაპირ პოლიტიკური დევნილია. ის სამსახურიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა თავისი ინიციატივით ავარჯიშებს ბავშვებს. ზოგი სპორტული სკოლა შეიძლება სახელმწიფოსი იყოს, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სკოლებსაც, თუმცა ყველაფერი ამის საპირისპიროდ კეთდება და ეს უნდა დასრულდეს,"- აცხადებს გიგი უგულავა.