კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა - მედპერსონალი ერთდროულად ორ ქალაქში, სენაკსა და ფოთში მუშაობდა. ბოლოს ის 2 სექტემბერს ფოთში მორიგეობდა, რა დროსაც ერთ-ერთი კოვიდ პაციენტი თბილისში გადაჰყავდა.
პაციენტი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ბოქსირებულ სექტორში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სენაკის სამედიცინო დაწესებულება "არქიმედში", სადაც 23 წლის მედიკოსის ერთ-ერთი სამსახური იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 10 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
ფოთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლების მონაცემები ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ამ ეტაპზე მედიკოსებმა დაახლოებით 31 პირი მოიკვლიეს, ვისთანაც ინფიცირებულ ექიმს შეხება ჰქონდა. მათი პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.
როგორც "კურიერს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ინფიცირებულ მედიკოსს მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონია. ფოთის სასწრაფო დახმარების მენეჯერი კესო გელენიძე ვერ ადასტურებს, რომ COVID-19-ით მედიკოსი სწორედ მათ მიერ გადაყვანილი პაციენტის მიერ დაინფიცირდა.
"ჩვენ 5 თვეა ვაწარმოებთ დადასტურებული კოვიდ ინფექციის მქონე პაციენტების გადაყვანას ქალაქიდან ქალაქში. მე ვერ დავადასტურებ იმას, რომ აუცილებლად ჩვენს მიერ გადაყვანილი პაციენტის მიერ მოხდა ექიმის დაინფიცირება, რადგან ჩვენთან ხდება მანქანების დეზინფექცია პროტოკოლის სრული დაცვით, მიმდინარეობს მანქანების დაკვარცვა, ასე რომ ეს უკვე ეპიდემიოლოგების თემაა, გამოარკვევენ საიდან მოხდა ექიმის დაინფიცირება," - აცხადებს ფოთის სასწრაფო დახმარების მენეჯერი კესო გელენიძე.