კოვიდ ინფექცია ბათუმში ერთ-ერთ პედაგოგსაც დაუდასტურდა. ის 2 საჯარო სკოლაში პარალელურად მუშაობდა - ესენია ქალაქის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლები.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულ პედაგოგს საკმაოდ აქტიური შეხება ჰქონდა ორივე სკოლის თანამშრომლებთან. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე ინფიცირების წყაროს იძიებს.
"პედაგოგი მუშაობს 2 საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევები. როგორც ცნობილია, დღეს დაუდასტურდა ამ პიროვნებას. მას არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება და არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში," – აცხადებს ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, რომ უკვე 20 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რომლის უმეტესობაც უკვე დადასტურებულ შემთხვევებს მიეკუთვნება.
"20 დადასტურებული შემთხვევა იყო გამოვლენილი. აქედან უმეტესი მათგანი უკავშირდება უკვე დადასტურებულ შემთხვევებს, ამ ცნობილ კლასტერს. სამის წყარო გახლდათ უცნობი. რა თქმა უნდა, გაფართოებული ეპიდკვლევის შემდეგ მოძიებული იქნა მისი კონტაქტები.
როდესაც ვიღაცას ტემპერატურა თუ სხვადასხვა ჩივილი აქვს და უკვე აქტიურად მიმართავენ ცხელების ცენტრებს და ესეც დაეხმარა ასე ვთქვათ გამოვლინებას," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე.