სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის ილია ფილფანის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ. 13 წლის ილია ფილფანის მშობლები უწყებაში გამოძიების მიმდინარეობას გაეცნენ.
ნათესავები საქმეში ინტერპოლის ჩართვას და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ.
2 თვის წინ გაუჩინარებული ბიჭის მშობლები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და მიიღეს პირობა, რომ გაეცნობიან საქმის მასალებს.
"ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მისი კვალი არსად ჩანს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, შესაძლოა თუ არა ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ," - განაცხადა ილია ფილფანის დედამ ქსენია ფილფანმა.
"არავითარი მოწმე, სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა," - აღნიშნა ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა.