19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ასეთი არჩევანი გააკეთა დღეს ქართულმა სპორტულმა სამყარომ, სასტუმრო "სტამბაში" გამართულ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე. ღია კენჭისყრის შედეგად ყველა მათგანმა მხარი ლერი ხაბელოვის კანდიდატურას დაუჭირა, თუმცა ამ პოსტზე სხვა კანდიდატურა არც კი განიხილებოდა. უკონკურენტო ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს მომდევნო 4 წლის მანძილზე მესამე ვადით შეასრულებს.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ყრილობაზე დღის წესრიგის ბოლო საკითხის, საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადადება მოითხოვა, მაგრამ დელეგატთა უმრავლესობამ მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

გიორგი ასანიძის გარდა, ლეგენდარული მოჭიდავისა და ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლერი ხაბელოვის პრეზიდენტობის წინააღმდეგი იყო ირაკლი ცირეკიძე, გიორგი ათაბეგაშვილი და დავით ქევხიშვილი. ხაბელოვის წინააღმდეგ 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციებიც. დღეს ოლიმპიურ კომიტეტთან ისევ შეიკრიბნენ და მოითხოვეს არჩევნების გადადება. აქციის მონაწილეები მას კორუფციაშიც ადანაშაულებდნენ.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები