აჭარის მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.
პრესამსახურის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.
"სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია," - ნათქვამია განცხადებაში.