"სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში" ამ სახელწოდებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ოფიციალური გახსნა გაიმართა. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ლიეტუველი და ჰოლანდიელი კოლეგების შეფასებას საქართველოში არსებული მდგომარეობის და ასევე, გამოცდილების გაზიარებას სისხლის გადასხმის და გადამდები დაავადებების მიმართულებით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის განცხადებით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც სისხლის ბანკების შეფასებას ახორციელებენ.
"მომზადებულია საკანონმდებლო დოკუმენტის პაკეტი, საბოლოო ვერსია, რომელიც ეხება უსაფრთხო სისხლს. ეს დოკუმენტი მთლიანად შემუშავებულია ევროდირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამობრძანდა საქართველოში და ამჟამად ესენი ახორციელებენ სისხლის ბანკების შეფასებას," – აცხადებს ირმა ხონელიძე.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, პროექტის მთავარი მიზანია დაავადებათა კონტროლის ცენტრს სისხლის უსაფრთხოების სფეროში ევრორეგულაციების და ევროდირექტივების დანერგვაში დაეხმაროს.
"პროექტის მთავარი მიზანია, რომ დაეხმაროს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სისხლის უსაფრთხოების სფეროში ევრორეგულაციების და ევროდირექტივების დანერგვაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა მხოლოდ ევროპული გამოცდილების გაზიარება მოხდება, არამედ იმედი მაქვს, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში დაგროვდა COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, აი აქაც ჩვენი გამოცდილებაც საინტერესო იქნება ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც," - განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.