ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს, მესამე სექტორი გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტული ხასიათისაა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს.
"ეს კანონპროექტი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რაც არსებობს ამ მიმართულებით სასამართლოში, არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. წარმოდგენილია უფრო ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებები, რომელიც, რეალურად, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმ პრობლემებზე, რაც არსებობს და ამ პროცესების გაუმჯობესებას არანაირად არ შეუწყობს ხელს,"-განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
"სექტორი 3"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კანონპროექტში პრობლემურია, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების ფარულად მიღების პროცესი, რაც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნებს.
"იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რასაც ეს კანონპროექტი არ უზრუნველყოფს. პრობლემურია, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების ფარულად მიღების პროცესი, რაც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში, როდესაც საქართველო არის გარდამავალ პროცესში, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის დასკვნები,"-განაცხადა ნათია ზოიძემ.