ამ წუთებში თელავის სასამართლოში, პანკისში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის შეძენა-ტარებაში ბრალდებულის პროცესი იწყება.
სასამართლომ დღეს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
სასამართლოში ბრალდება შმაგი მუთოშვილის პატიმრობის, დაცვა კი გირაოს შუამდგომლობით წარსდება.
შმაგი მუთოშვილს ბრალი სასამართლო პროცესამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ორი თვის წინ პანკისში ქავთარაშვილების საცხოვრებელ სახლს ესროლა, რომელიც მისი ძმის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
შმაგი მუთოშვილის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ბრალდებულის დედაც.
"კედელზე, სადაც ნატყვიარები იყო, იქიდან აღებული ექსპერტიზის პასუხები სად არის, რომ ზუსტად იმ იარაღიდან იყო. რომელი გიჟი გააკეთებს, სახლიდან იარაღს წაიღებს და ისვრის? მოგვიწყვეს, დაულუქავი წაიღეს ჩვენი იარაღი,"-უთხრა "კურიერს" ბრალდებული შმაგი მუთოშვილის დედამ თინა მუთოშვილმა.
"27 ივლისს ქავთარაშვილების ბინა დაცხრილეს. ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის სამეზე, დღეს ბრალი წაუყენეს შმაგი მუთოშვილს. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება გაყალბებულ მტკიცებულებებს ემყარება,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ბაადურ გულიაშვილი.
პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება 2019 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ვისო მუთოშვილი და მურად ქავთარაშვილი დაუპირისპირდნენ, ორმხრივი სროლის დროს ვისო მუთოშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მურად ქავთარაშვილი დაიჭრა.
ამ საქმესთან დაკავშირებით ორი პირი, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი პასუხისგებაში მიეცა. პანკისის ხეობის მოსახლეობა ორი დაპირისპირებული გვარის შერიგებას ამ დრომდე ცდილობს.