23 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
150 ათასი დოლარისთვის დაწყებული ბიზნესდავა და 4 დაკავებული - "კურიერმა"თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია

150 ათასი დოლარისთვის დაწყებული ბიზნესდავა და 4 დაკავებული - თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს პოლიციამ აიყვანა, ბიზნესმენ ვახტანგ ფარეულიძის ძმა, პირადი მძღოლი და მისი გარემოცვის კიდევ ორი წევრი.

ერთ-ერთი ვერსიით, საქმე უკავშირდება არ შემდგარ გარიგებას. სწორედ შეთანხმების დარღვეული პირობების გამო გადაწყვიტეს ბიზნესმენ ფარეულიძის გარემოცვის წევრებმა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. იყო დაძაბული საუბარიც, რის შემდეგაც ტაჯიკი ბიზნესმენების სახელით პოლიციაში განცხადება შევიდა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა და ბეისბოლის 3 ხელკეტი.

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ. მათ ბრალს დღის განმავლობაში დაუზუსტებენ. 

დაკავებულების ახლობლები მომხდარის შესახებ "კურიერთან" ექსკლუზიურად საუბრობენ. ისინი გატაცებისა და ძალადობის ფაქტს უარყოფენ.

"მანქანებს აქ ყიდულობენ, უგზავნიან ტაჯიკეთში, რუსეთში, ყაზახეთში. ერთ-ერთი ჩვენი ახლობლისგან არის თანხა ჩარიცხული მათთვის 150 ათასი დოლარი, რის სანაცვლოდაც მანქანები არის წასაყვანი. ანუ ისინი ამათ უკავშირდებიან, მანქანები ნაყიდი გვაქვს, დღეს ხვალ გადმოვგზავნით, ანუ ამ მანქანების მოსაკითხად ყოფილან ბიჭები მისულები. გატაცებით არავინ არ არის გატაცებული. გაბრაზების ნიშნები ყოფილა იმ შემთხვევაში - რატომ გვატყუებთო და სიმართლეს რატომ არ გვეუბნებითო. თუ მუქარის ნიშანი იყო, ცემა იყო, ადამიანს უნდა ეტყობოდეს სახეზე. ისეთ ადამიანებს აქვთ ჩვენება მიცემული, ვისი სახელიც და გვარიც იმ საქმეში არ ფიგურირებს. თვითონ ტაჯიკეთის მოქალაქეების ჩვენებებია," - განაცხადა ფარეულიძეების ახლობელმა "კურიერთან" საუბრისას.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა პანკისის ხეობაში, სადაც დაკავებულებს საკმაოდ პოზიტიურად ახასიათებენ.

"ჩემი შვილი მუშაობდა, ჩვეულებრივი მძღოლი იყო, დატოვეთ ჩემი სახლი... არ ვიცი, რას ედავებიან," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ.

გუშინ წინ დააკავეს, ჩემს თვალწინ გაიზარდა ეს ბავშვი, ისეთი კარგი ბავშვია, უწყინარი, სხვის ეზოში არ შესულა და ვაშლი არ მოუპარავს. დანაშაული არ აქვსო, მხოლოდ მძღოლი იყო," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მეზობელმა.

დღის ამბები