25 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო ნაკლებად არის კორონავირუსის გამავრცელებელი - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მცირე ასაკის ბავშვები ყველაზე ნაკლებად განიხილებიან COVID-19-ის ვირუსის გადამტანებად და გამავრცელებლებად. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო ნაკლებად არის ის საშიში გარშემომყოფთათვის. 

სწორედ აქედან გამომდინარე, ივანე ჩხაიძის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენა დაბალი კლასის მოსწავლეთათვის შესაბამისი პირობებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საფრთხეს არ წარმოადგენს.

"შეიძლება, თუ არა ბავშვი განვიხილოთ როგორც ვირუსის გადამტანი - ბავშვები გაცილებით ნაკლებად არიან გამავრცელებლები ამ ვირუსის, ვიდრე მოზრდილები. რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო ნაკლებად არის ის საშიში გარშემო მყოფთათვის. არა ის, რომ საერთოდ არ იყოს გამავრცელებელ, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად ვიდრე მოზრდილი.

სწორედ ეს არის განსხვავებული რეკომენდაცია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული და მრავალრიცხოვანი კვლევის საფუძველზე გამოქვეყნდა, ჩატარებული როგორც ევროპაში, ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა ესპანეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ეს რეკომენდაცია ეხება სწორედ მცირე ასაკის ბავშვებს, რომლებიც განიხილებიან როგორც ნაკლებად გადამტანი და გამავრცელებელი ამ ინფექციის. ამიტომ რეკომენდაცია სწორედ აქედან მოდის, შესაძლებელია სკოლებში სწავლის განახლება, თუ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ელემენტარული პირობები და რეკომენდაციები დაცული, მაშინ რისკი არის მართლაც მინიმალური," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ, ხოლო ფოთსა და გორში სწავლა ყველა კლასში გაგრძელდება.

დღის ამბები