19 აპრილი 2024,   07:12
ვრცლად
სამწუხაროდ, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თორემ ჩვენ ნამდვილად ავირჩევდით - ზ.ხ.-ს ადვოკატი

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს უნდა გაირკვეს, სურს თუ არა სამ ბრალდებულს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. იმ შემთხვევაში, თუ მათი პოზიციები განსხვავებული აღმოჩნდა, სასამართლოს ბრალდებულების საქმის განხილვა ცალკე მოუწევს. სულ მძიმე მუხლით დანაშაულს ედავებიან 5 პირს. აქედან დაკავების დროს 2 არასრულწლოვანი იყო.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით, სავარაუდოდ ყველა სრულწლოვანი ბრალდებული უარს განაცხადებს ნაფიცი მსაჯულების ჩართულობაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს და ამიტომაც მიაჩნიათ, რომ საქმეს სასამართლო უფრო კომპეტენტურად განიხილავს, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თორემ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.

ამასთანავე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავის მხარეს აქვს საშუალება, შუამდგომლობები დააყენოს. ისინი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.

"სამწუხაროდ, არასრულწლოვნებს არ ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თორემ ჩვენ ნამდვილად ავირჩევდით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რადგან თავად სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, თავად საზოგადოებას ეფიქრა იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეზე არის წარმოდგენილი და ჩვენ ნამდვილად მივანდობდით საზოგადოებას ამ საქმის განსჯას," - განაცხადა ზ.ხ.-ს ადვოკატმა.

პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია და ვერ ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

"დევნის შეწყვეტის საფუძვლები ნამდვილად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ეს არის ბრალდებულების არჩევანი. თუ იქნება ასეთი, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერ არჩევანს," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები