"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისი "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
პარტიიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად ააიპ-ების თანამშრომლებსა და სკოლების დირექტორების დანიშვნას აპირებენ, რომლებიც, როგორც დონაძე ამბობს, თავის მხრივ, მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებლები არიან. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესს ხელს შეუშლიან.
ბრალდებებს უარყოფენ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, კანონმდებლობით დასახელებული პირების წარდგენა და დანიშვნა არ იკრძალება, თუმცა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვის აირჩევენ უბნების თავმჯდომარეებად. მისი თქმით, პროცესი 30 სექტემბერს გამჭვირვალე იქნება და მასზე დასწრება პროცედურების შესაამისად დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.