პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა - სასწავლო პროცესის ეფექტიანი აღდგენის, ასევე მოსწავლეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, მოხდეს ჯგუფების ორ ნაწილად გაყოფა, სასწავლო პროცესის ორ ცვლაში დაწყება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იყოს შაბათი და კვირა.
ერთჯერადად გაცემული დახმარებების ნაცვლად კი, რაც მისი შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვაა, მოხდეს პედაგოგთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.
"მივმართავთ განათლების სამინისტროს, რომ მთლიანად დაუშვას ბავშვების სკოლაში სწავლა, გახსნას ეს პროცესი, დაყოს ჯგუფები სკოლებში, ორ ცვლაში განახორციელოს მათი სასწავლო პროცესი და თუ საჭირო იქნება გამოიყენოს შაბათი და კვირაც და რა თქმა უნდა, ამ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის აუნაზღაუროს მასწავლებლებს შესაბამისი შრომა," - აცხადებს პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი.