08 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან და სანამ საარჩევნო უბნებზე ჩაიცუცქებიან, მანამდე მეზობლებს და ახლობლებს დააშინებენ - რომან გოცირიძე ISFED-ის ანგარიშზე

"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები გამოვლინდა - ოპოზიცია განმარტებას აკეთებს. 

"ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თავის ნაცად ხერხს, რომ არჩევნებში არაკანონიერი მეთოდები გამოიყენოს. ფიზიკური ზემოქმედება ერთ-ერთი მათი გამოცდილი მეთოდი იყო ზონდერების მეშვეობით სულ, ისევე როგორც ახლა. მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან სანამ საარჩევნო უბნებზე ჩაიცუცქებიან, მანამდე მეზობლებსა და ახლობლებს დააშინებენ," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კი, "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობდა - პასუხობს და ამბობს, რომ ეს ანგარიშში გამოქვეყნებულ დარღვევებს შორის, მეათასეხარისხოვანია.

"კანონის მიხედვით, უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა, პარლამენტის წევრისა და იურისტის მიერ, არანაირად არ არის მოსყიდვა. იქ აღწერილ დარღვევებს შორის, ეს მეათასე ხარისხოვანია. უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც მართლაც სერიოზული პრობლემაა, მაგალითად ის რომ ივანიშვილი მილიონობით ლარს ხარჯავს ხალხის მოსყიდვაში,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.

ოპოზიცია მოითხოვს ყველა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, მკაცრი რეაგირება მოხდეს. 

"როგორც ჩანს, ამ ფაქტებზე მიყურადებით ხელისუფლება აქეზებს ყველას, რომ ასეთი მეთოდები სხვებმაც გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მოხდეს მკაცრი რეაგირება ყველა ძალადობის ფაქტზე,"- ამბობს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ფიქრია ჩიხრაძე.

დღის ამბები