მმართველი გუნდი პროფესორ დავით მეტრეველის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შინაარსს იზიარებს. მეტრეველმა "ფეისბუკზე" პოლიტოლოგ ჯინ შარფის სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ. ხავედროვანი რევოლუციებისთვის საჭირო 198 ზემოქმედებისთვის საჭირო მეთოდზეა საუბარი. საჯარო გამოსვლები, ლოზუნგები, ოპოზიციის მხარდამჭერების წერილები, პიკეტირება, ლოცვა და სიწმინდეების თაყვანისცემა, როგორც ბრძოლის იარაღი, მოტოციკლებითა და მანქანებით მსვლელობა, თანამდებობის პირთა მიმართ დამცინავი რიტორიკა, მჯდომარე აქციები - ეს შარფისეული პოსტულატების მნიშვნელოვანი ნაწილია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პროტესტი სწორედ პიტერ აკერმანისა და ჯინ შარფის სწავლებებს ეფუძნება - საუბარი საზოგადოებრივ პროტესტზე კი მანიპულაციურია.
არაძალადობრივი ქმედებების შესახებ შარფის სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას უარყოფენ პროტესტში აქტიურად ჩართული პოლიტიკოსები. მათი ნაწილი ბრალდებას ირონიულად უყურებს, მეორე ნაწილი კი კვლავ ამტკიცებს, რომ პროტესტი სპონტანურია.
საპროტესტო აქციების დროს გადადგმულ ყველა ნაბიჯს, აქციის ახალგაზრდა ორგანიზატორებს უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანიც. ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შესაძლო ფატალურ სცენარსაც არ გამორიცხავდა, ამბობს, რომ პროტესტის შარფისეულ მიდგომებზე საუბარი არასწორია. ჭიაბერაშვილი მმართველ გუნდს კონტრბრალდებებსაც უყენებს.
საპროტესტო აქციების მიღმა სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის იდეურ მოკავშირეებს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლებმა დღეს პიტერ აკერმანისა და კანვასის ტრენინგებიც გაიხსენეს. თქვეს, რომ შარფის 198 მეთოდი არაძალადობრივი მხოლოდ ფურცელზეა და ის რეალურად რევოლუციისთვის ყველა შესაძლო ძალადობრივი ხერხის გამოყენებას გულისხმობს. პოლიტიკოსების თქმით, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ მცდელობას სახელმწიფო შესაბამის სამართლებრივ პასუხს გასცემს.
თბილისში უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ, აქციები რამდენიმე კვირაა იმართება. კანონპროექტს, პარლამენტი მესამე მოსმენით მომდევნო კვირას განიხილავს.