16 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი... პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ავიღეთ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აგვიღია - ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა, შეფასებები გაკეთდა პარტია "საქართველოსთვის" ოფისში.

ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც თავად ამბობდნენ.

"20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა.

ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რაც არ ყოფილა, არც გახარიას უნდა ავკიდოთ, არც მეზვრიშვილს და არც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ამაზე ჩვენ ავიღეთ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აგვიღია, იმიტომ რომ არ გვეკუთვნის. ვის რაზე ეკუთვნის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რა დადგინდება, ეს გამოძიების დასადგენია," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

დღის ამბები