19 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის შეჩერების შინაარსს ვერ ვხვდები, თუმცა ჩემთვის გასაგებია ლოგიკა ფულთან დაკავშირებით - ჰერმან საბო ევროპარლამენტარების განცხადებაზე

არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება შეწყდეს - 31 ევროპარლამენტარის მოთხოვნათა ერთ ნაწილს ოპოზიციაში ლოგიკურად მიიჩნევენ.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ევროპარლამენტარების ეს განცხადება მთავრობის გაფრთხილებაა, რათა მათ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა შეაჩერონ.

"ის, რომ ევროპარლამენტარები მტრებად არიან მოხსენიებული "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არაფრით არ მიკვირს, რადგან მთლიანად დასავლეთთან აცხადებენ მტრობას. აფრთხილებენ "ქართულ ოცნებას" და სთხოვენ, რომ ამ კანონის განხილვა შეაჩეროს, მაგრამ "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ საქართველოს ჩამოაშორონ დასავლურ ორბიტას,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

"გირჩის" წევრი ჰერმან საბო კანდიდატის სტატუსის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნას ეთანხმება.

"კანდიდატის სტატუსი მიიღო ავანსად ქართველმა ხალხმა. შესაბამისად, ამის შეჩერების შინაარსს ვერ ვხვდები, თუმცა ჩემთვის გასაგებია ლოგიკა ფულთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რომ მთავრობამ დაფინანსება აღარ უნდა მიიღოს ევროპისგან, თუ ევროპას "გლობალური ომის პარტიას" ეძახის და ამბობს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა უნდათ,"- აცხადებს ჰერმან საბო.

ევროპის გარდა მწვავე განცხადებები ისევ ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის შტატებისა და საქართველოს ურთიერთობას.

დღის ამბები