"საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხუმრობით გაკეთებული არ არის და მას ნამდვილად ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება" - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასე 31 ევროპარლამენტარის მიერ ერთობლივად მომზადებულ წერილს პასუხობს. ევროპელი დეპუტატების ნაწილი ჯოზეფ ბორელს მიმართავს. 31 დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს მოუწოდებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს ასევე გადაიხედოს საქართველოს სამთავრობო პროგრამებში ევროკავშირის მიერ გაღებული დაფინანსება. მმართველ პარტიაში კითხვები აქვთ, რას ემსახურება ევროპელი კოლეგების ნაწილის მსგავსი მიდგომა. სახელისუფლებო ძალაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი განცხადებების მიზანი საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერებაა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მექანიზმები, რომლის ამოქმედების აუცილებლობაზეც 31 ევროპარლამენტარი საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საფრთხე იქნება. პარტიებში მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას უნდა ხსნიდეს ევროდეპუტატების ნაწილი კონკრეტული ფორმატების დახურვის საჭიროებაზე საუბრობს.
ჯოზეფ ბორელისადმი 31 ევროპარლამენტარის მოწოდებას, მმართველი პარტია ლობიზმის შედეგს უწოდებს.
ევროპის გარდა მწვავე განცხადებები არ წყდება არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის შტატებისა და საქართველოს ურთიერთობას. მეთიუ მილერს მორიგ ჯერზე ჰკითხეს ისიც, თუ რატომ შეუძლია, შტატებს ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ და რატომ არ შეიძლება, ეს კანონი იყოს საქართველოში. მილერის თქმით, განსხვავება შინაარსშია. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი განმარტავს რომ ”ქართული ოცნების მიერ ინიციირებული პროექტი ფარას მსგავსი არ არის. მისივე განცხადებით, ფარა ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.
მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ სიმართლეს აცდენილია ინფორმაცია თითქოს ფარა ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ. მაგალითად კი, გიული ალსანია და დავით კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზია მოჰყავს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ სადაო არ არის რომ არც ერთი და არც მეორე, უკვე 12 წელია, საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები" არ არიან. სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. მისივე თქმით, გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით, რადგან ის არ ეხება ფიზიკურ პირებს და არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პარტნიორების გზავნილებს ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვამენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ამის შემდეგ შესაძლოა პერსონალური სანქციებიც ვიხილოთ
მმართველ გუნდისთვის კი საერთაშორისო აქტორების პოზიცია ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც ზეწოლის მცდელობის მიუხედავად არ შეიცვლება.
სახელისუფლებო ძალაში კანონის მისაღებად მზად არიან. მანამდე კი "არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას! - ამ შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელში სწორედ "ქართული ოცნების" წევრებმა გააზიარეს. დაისვა შეკითხვაც - განასახიერებს თუ არა ბანერზე დატანილი ფერები რუსული დროშის ფერებს. უმრავლესობის ლიდერმა კითხვას სოციალურ ქსელშივე უპასუხა.
პროექტის კანონად ქცევას "ქართული ოცნება" მომავალი კვირიდან შეუდგება, გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი ორშაბათიდან დაიწყებს.