18 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ურთიერთბრალდებებს განაგრძობენ - ორ ქვეყანას შორის ცეცხლი ამ დრომდე არ წყდება 

ჩვენს სამეზობლოში ცეცხლი არ წყდება - სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ურთიერთბრალდებებს განაგრძობენ.

სომხეთის მთავრობის განცხადებით, აზერბაიჯანულმა დრონმა მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთულ ავტობუს ცეცხლი გაუხსნა და ვარდენისის რეგიონში სომხეთის სოფლები აქტიურად იბომბება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ვარდენისიდან აზერბაიჯანის ქალაქ დაშქესანის რაიონი დაიბომბა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად დამატებით 10 აზერბაიჯანელი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ბაქო ერევანს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

"კურიერი" შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოზიციით კიდევ ერთხელ დაინტერესდა. სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ანუშ ბეგლოიანი ამბობს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის როგორც აზერბაიჯანი, ისე თურქეთი, ოღონდ არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ სირიელი მებრძოლების ხელით. ამასთან ბეგლოიანს იმედი აქვს, რომ რუსეთი, როგორც თავად აცხადებს, აგრესიას დროულად შეაჩერებს და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებს.

"სიტუაციას შეიძლება ვუწოდოთ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად აწარმოებენ. მიზანი კი ყარაბაღის მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებაა. აზერბაიჯანს მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებს და საერთოდ არ ფიქრობს ადამიანებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ. აღნიშნული კონფლიქტი არის დაფინანსებული ერდოღანის მიერ, რომელსაც სომხების გენოციდის გამეორება სურს. ოღონდ ამჯერად ამას სირიელი მეომრების ხარჯზე აპირებს. საქართველო და სომხეთი არიან ქვეყნები, რომლებმაც დემოკრატია აირჩიეს. ამიტომაც ჩვენ ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს. სხვაგვარად თქვენი ქვეყანა იქნება ერთადერთი თავისუფალი სივრცე დიქტატორების გარემოცვაში, რომელთაც იმპერიების აღგენა სურთ. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დროულად ჩაერთვება პროცესებში, შეაჩერებს აგრესიას და ყველაფერს ადეკვატურ სახელს დაარქმევს," - აცხადებს სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ანუშ ბეგლოიანი.

პროცესში რუსეთის ადეკვატურად და ობიექტურად ჩართვის წინააღმდეგი არ არის აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ფარიდ შაფიევი. მისი თქმით, მოსკოვმა ივლისის მოვლენების დროს სომხეთს რამდენჯერმე მიაწოდა შეიარაღება, რაც არ იყო კონსტრუქციული ნაბიჯი და ახლა ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს. კონფლიქტთან მიმართებაში კი შაფეივის პოზიცია უცვლელია, ის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსაც იშველიებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანის ყველა ქმედება კანონიერია.

ორივე ქვეყნის წარმომადგენელს, ჩვენს რესპოდენტებს, აქვთ მოლოდინი, რომ ოფიციალური თბილისი მხარდაჭერას სწორედ მათ ქვეყანას გამოუცხადებს. თავის პოზიციას ისინი სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.

"სომხეთის მხარემ დილით გაუხსნა ცეცხლი აზერბაიჯანულ სოფლებს. ამას კონტრშეტევა მოჰყვა. არსებობს მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი ამ კონფლიქტისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. მაგრამ გეტყვით, რომ აზერბაიჯანს 1994 წლიდან ყოველთვის ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმა. ეს მას შემდეგ, რაც 1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მის მიერ მიღებული რეზიოლუციებით აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა სწორედ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

რაც შეეხება რუსეთს, იმედი გვქონდა, რომ 2016 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ რუსეთი აქტიურად ჩაერთვებოდა კონფლიქტის მოგვარებაში. მაგრამ ივლისში​ თოვუზის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა სომხეთში სამხედრო ტვირთი შეიტანა, რომელიც მას დაეხმარა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოსთან ბევრი საერთო გვაქვს. ისტორიული ტრავმები, ოკუპირებული ტერიტორიები, ამას გარდა ვართ სტრატეგიული პარტნიორები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მხარდაჭერას გამოგვიცხადებს და ურთიერთობების გაღრმავებას გავაგრძელებთ," - განაცხადა აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ფარიდ შაფიევმა.

საქართველო ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. თბილისი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის შესასრულებლადაც მზად არის.

რაც შეეხება რუსეთს, დუმამ დღევანდელ სხდომაზე ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება და განცხადება მიიღო. დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და მზადყოფნას გამოთქვამენ მხარეების მოსარიგებლად. იდეა აქვს პარტია "სპრავედლივაია რასიას" ლიდერს. სერგეი მირონოვი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების ინიციატივით გამოდის.

დღის ამბები