24 ოქტომბერი 2020,   10:38
ვრცლად
ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ექიმების საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე ყიფიანის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა 50 ათას ლარიანი გირაოთი მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას ადვოკატიც, თუმცა მის შემთხვევაში დაუსწრებლად შეფარდებული წინასწარი პატიმრობა ძალაში დარჩა. ანგიოქირურგისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურაც დაეთანხმა, რაც ბრალდებამ დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ნათია ცირეკიძის ოჯახის პოზიციით ახსნა.

კლინიკამ თავის თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი აგვისტოში დააკავა. პროკურატურა უკანონო საექიმო საქმიანობის ედავება ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას.

ვახტანგ ყიფიანმა საპატიმრო დაწესებლების დატოვებისთანავე მედიასთან განაცხადა, რომ არც ერთი წუთით არ დაუკარგავს რწმენა იმისა, რომ შეძლებდა მისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

"დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არც ერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი, რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას. 

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის. იმედი მაქვს სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას," - აღნიშნა ვახტანგ ყიფიანმა.

დღის ამბები