27 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
10 საათია პოლიცია სექსუალურ ძალადობაში მხილებულს უშედეგოდ ეძებს

10 საათია, რაც პოლიცია სექსუალურ ძალადობაში მხილებულს უშედეგოდ ეძებს. ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცველები მას შემდეგ მობილიზდნენ, რაც სააპელაციო სასამართლომ 58 წლის მამაკაცი დამნაშავედ სცნო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 6 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებული ციხეში 13 წელს გაატარებს.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ის სასჯელისგან თავის არიდების მიზნით მიიმალა. დილიდან პოლიცია დამნაშავეს სახლშიც მივიდა, სადაც მსჯავრდებულის მეუღლემ თქვა, რომ 58 წლის მამაკაცი სახლიდან დილით ვენახში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

გასული წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტზე დაზარალებული ოჯახი მკაცრს სასჯელს ჯერ კიდევ 4 თვის წინ ელოდა, თუმცა მაშინ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა თქვა, რომ მოზარდის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა. შესაბამისად, დამნაშავეს მისცა შანსი, რომ სექსუალურ ძალადობაზე პასუხი არავის მოეთხოვა.

6 წლის გოგონას ვერსიით, ოჯახის ახლობელმა 60 წლამდე მამაკაცმა ის მოტყუებით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აიყვანა. მოძალადემ მსხვერპლი იძულებით შეიყვანა საძინებელ ოთახში, გააშიშვლა და მისი გაუპატიურება სცადა. ამ მძიმე სურათის თვითმხილველია მსჯავრდებულის შვილიშვილი, რომელმაც ბაბუის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

დღის ამბები