ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კიდევ უფრო გააქტიურდება კოვიდინფიცირებულის კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ამასთან ამაში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა
"მეტად უფრო გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით. კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ ეპიდემიოლოგები და გავაძლიერეთ მათი ჯგუფები და კონტაქტების მოძიება მოხდება არაუგვიანეს 24 საათისა. კონტაქტების მოძიებაში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა, NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისიც მოუწოდებს, მაღალი რისკის მატარებელ პირებს, რომ შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ:
"სამთავრობო გუნდს არ აქვს მიზნად რომ დააწესოს შეზღუდვა. მაგრამ გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცირება და ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი, დარჩნენ სახლში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.