07 სექტემბერი 2026,   03:10
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის პროცესზე ბრალდებულების გადაადგილების მარშრუტის აღდგენას შეეცდებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე შეეცდებიან აღადგინონ დაკავებულების გადაადგილების მარშრუტი, რომლისთვისაც მხარეები გამოიყენებენ სატელეფონო ნომრებზე შემავალ და გამავალ ზარებს.

არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი არ გამორიცხავს, რომ სხდომაზე ბრალდებულებიც დაკითხონ. 

"ჩვენი ვარაუდით, დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს ბრალდებულების ტანსაცმელს სასამართლოზე გამოკვლევისთვის. ბრალდებულებმა, როგორც ბრალდების მოწმეებმა, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ისინი თანახმა არიან, როგორც დაცვის მტკიცებულებებში ჩვენებების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი პროცესზე. ვვარაუდობთ, რომ დღეს, შეიძლება, რომელიმე ბრალდებული დაიკითხოს,"-განაცხადა ადვოკატმა. 

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობასთან რამე კავშირი აქვს. 

"შესაძლებელია, რომ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი მერაბიშვილმა მისცეს ჩვენება. სავარაუდოდ, გამოკვლეული იქნება საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა, რაც ამოღებული იყო ჩხრეკის დროს. ტანსაცმელთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში არანაირი მიმანიშნებელი, ან მტკიცებულება ან კვალი რაიმე, რომ მას რაიმე სახით ჰქონდეს ავტობანზე არსებულ ძალადობასთან კავშირი, არ აღმოჩნდა,"-განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, პროცესზე ბრალდებულებიდან მხოლოდ არჩილ გაგნიძე დაიკითხება. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება გამომძიებელი თამაზ თაკაშვილი. ასევე, ბრალდების მხარე გეგმავს, რომ გამოიკვლიოს სატელეფონო ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მათ შორის, სამოქმედო ანძების მითითებით, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ასახავს ბრალდებულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გადაადგილების მიმართულებას.  სხვა ეპიზოდზე ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ არჩილ გაგნიძეა, რომელმაც დააფიქსირა, რომ როგორც დაცვის მხარის მოწმე ისე დაიკითხება ამ სასამართლო პროცესზე,"-განაცხადა პროკურორმა. 

არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღის ამბები