საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ინფექციას მხოლოდ დღეს 5 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 3 პაციენტი ქუთაისში, 2 კი ბათუმში გარდაიცვალა.
ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, 69 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, მას თანხმლები მძიმე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
"14 სექტემბერს გუდაუთის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 69 წლის მამაკაცი, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, იყო ჟანგბადდამოკიდებული და ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. ჩატარდა ყველა რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა პაციენტი დინამიკაში დამძიმდა. მას ჰქონდა ქრონიკული სხვადასხვა დაავადებები და, შესაბამისად, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, დღეს პაციენტი გარდაიცვალა,"-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
დღეს ჩხოროწყუში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩხოროწყუს "ევექსის" კლინიკის პედიატრის, კესარია ყალიჩავას ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეწყვიტა და დაიხურა, რადგანაც იქ მომუშავე 3 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, კლინიკის ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა და მიღებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ჩხოროწყუში დადასტურებული 5 შემთხვევიდან 2 ერთი ოჯახის წევრია, რომლებთაც საირმეში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
"კოვიდინფიცირების ფაქტები არ არსებობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მაგრამ დღეს გვაქვს 5 შემთხვევა, აქედან 2 არის დასასვენებლად კურორტ საირმეში მყოფი პირები და 3 არის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, ექიმები. მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები, კონტაქტების გამოვლენა,"- განაცხადა მალხაზ თორიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი, 5 კი გარდაიცვალა.