გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მიმართ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. cyxymu.info-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, ერთი ნაწილი მის დასჯას ითხოვს, მეორე ნაწილი კი, ირაკლი ბებუას ქართული მხარისთვის გადმოცემის მომხრეა.
"სოციალურ ქსელში, გინების გარდა იყო პირდაპირი მუქარები, მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარით. რამდენიმე დღეა ეს ტალღა არ ჩერდება, კომენტარები უფრო მძაფრდება. ამ ბიჭს უპოვეს სახლში ყუმბარა, რის გამც ბრალი დაუმძიმდა. სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს იქ არც ერთი ადვოკატი, რომელიც სასამართლოში დაიცავს.
ჩემი აფხაზი მეგობრებიდან ყველა გაბრაზებულია. იქ აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მის მკაცრად დასჯას ითხოვს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ირაკლი ბებუა ენგურზე უნდა გადმოიყვანონ და ქართულ მხარეს ჩააბარონ.
ეს ვნებათაღელვა იოლად არ ჩაცხრება. სამწუხაროდ, ამას შესაძლოა, მოჰყვეს ცუდი შედეგები გალის მოსახლებისთვის,"- განაცხადა "დღის კურიერში" ონლაინგამოცემა cyxymu.info-ს დამფუძნებელმა გიორგი ჯახაიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა ე.წ აფხაზური დროში დაწვისთვის, ე.წ სამართალდამცველებმა 30 სექტემბერს დააკავეს. ის, ამ დროისთვის, ოკუპირებული სოხუმის იზოლატორში იმყოფება.