გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვნის საქმის კიდევ ერთი განხილვა დასრულდა.
მხარეებმა სატელეფონო ანძის ჩანაწერებს მოუსმინეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედა სასამართლოში გამოცხადებასა და დაკითხვაზე უარს ამბობს.
დაზარალებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა. მიზეზად შაქარაშვილის დედა იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ სურს ნახოს შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირები.
დაკავებულების ინტერესების დამცველების განცხადებით, ჩანაწერებით, რომლებიც დღეს სასამართლოზე განიხილეს, არასრულწლოვნების ბრალეულობა არ დასტურდება.
მათი მტკიცებით, არ შეიძლება ყველა ბრალდებულის გაიგივება ერთმანეთთან და მკვლელობაში მონაწილე პირებად აღქმა, ეს არასწორი ქმედებაა.
პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ პირების გადაადგილების მარშრუტი დადგინდა, რომლებიც დღეს სასამართლოზე წარდგნენ.
"მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა თამარ შაქარაშვილის პოზიცია. მისთვის მძიმე იქნებოდა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლოზე ნახვა, ეს გასაგებია.
დღევანდელ სასამართლოზე გამოკვლეულ იქნა ბრალდებულების სატელეფონო ნომრების დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდა მათი გადაადგილება და მოქმედება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს,"- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5-ს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას ედავება.