გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, პარტიამ ხმათა 43,8% მიიღო და 83-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 39 მანდატი მოიპოვა. რეგიონის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, სვენ შულცეს "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა," ანუ კანცლერი მერცის პარტიამ კი საკუთარი შედეგები მკვეთრად გააუარესა და 17,2%-ით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის საკითხს აქტიურად განიხილავდნენ. პარტიის წევრებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობაც.
"ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ისტორია დავწერეთ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიბრუნებთ. ეს ყველაფერი აქ, საქსონია-ანჰალტში იწყება. ეს გამარჯვება ხალხის ნდობის გამოხატულებაა. ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ. ჩვენ ჩვენს პრინციპებს არ დავთმობთ. საკუთარ თავს არ ვუღალატებთ. არასოდეს დავემსგავსებით მათ, ვინც ამ საღამოს არჩევნებში დამარცხდა. ჩვენ ვართ "ალტერნატივა გერმანიისთვის," - განაცხადა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვებული AfD-ის ლიდერმა, ულრიხ ზიგმუნდმა.
"ეს AfD-ის ისტორიული გამარჯვებაა. ეს ჩვენი საუკეთესო შედეგია. ეს გამარჯვება მთელი გერმანიისთვის და სხვა ფედერალური მიწებისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.
ჩვენ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ვართ. გეტყვით იმასაც, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" ფედერალურ არჩევნებს ვეღარასოდეს მოიგებს. ასევე, გეტყვით, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეცვლიან. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ასეთი კანცლერით მუშაობის გაგრძელებას, განსაკუთრებით ამ საღამოს ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ. ხალხს ცვლილება სურს. მათ სურთ გონივრული და პრაქტიკული პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც გერმანიისა და საქსონია-ანჰალტის ინტერესებს ემსახურება. მათ აღარ სურთ, რომ არასწორი გზით ატარონ. აღარ სურთ დაპირებები, რომელთა საპირისპიროს აკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ," - აღნიშნა AfD-ის ლიდერმა, ალის ვაიდელიმ.