მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს. ორ პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გიორგი შუბითიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი შუბითიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლაშა და გივი ქველაძეებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ ავერსის კლინიკაში.
მეორე დაკავებული გიგა ჯალაღონიაა, რომელსაც გამოძიება ასევე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ედავება.
დაკავებულები რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.
ამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მხოლოდ ორი პირის დაკავების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ინციდენტში მაღალი თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
"მთელმა ქვეყანამ ნახა, თუ რას სჩადიან აქ "ქართული ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები. მათ მოახდინეს პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა ჩვენს აქტივისტებზე და თავს დაესხნენ ჟურნალისტს და სასტიკად დაარბიეს ეს ადამიანები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ვითხოვთ, რომ ეს ადამიანები ყველა, გამონაკლისის გარეშე, დაისაჯონ, რათა არ განმეორდეს და არ წახალისდეს ძალადობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ჩვენ ვერ მივიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ თითქოს ერთი ან ორი ადამიანი მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში,"-განაცხადა დავით კირკიტაძემ.