არიფ იუსუფოვს 4 000 ლარიანი გირაო შეეფარდა - წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში მომხდარი დაპირისპირებების საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო. დღეს პირველი წარდგენის სხდომა აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. არიფ იუსუფოვს ძალადობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს აბრალებენ.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე ორივე დაკავებულისთვის ითხოვს გირაოს შეფარდებას 5 000 ლარის ოდენობით, თუმცა დღეს დაკავებული პირების უფლებადამცველებმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ისინი სასამართლო სხდომაზე აპირებენ შუამდგომლობის დაყენებას, რომ დაკავებული პირების გათავისუფლება გირაოს გარეშე მოხდეს, ვინაიდან ადვოკატების თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ლაშა ქველაძისა და არიფ იუსუფოვის ბრალეულობა არ იკვეთება.
"პროკურატურამ მიმართა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 5 000 ლარით. ჩვენი პოზიცია იქნება ამ ეტაპზე, რადგანაც იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ და არ ეთანხმება ბრალდებას, რომ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე იქნეს დატოვებული და შეეცდება სამართლებრივი წესით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. 2 ეპიზოდი არის წარდგენილი, 2 პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი, თუმცა საქმის მასალებს გავეცანი გუშინ და მსგავსი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად არიფ იუსუფოვმა ვინმეს მიაყენა ძალადობა არ დასტურდება," - აცხადებს ადვოკატი როსტომ ლაზარია.
ლაშა ქველაძე, რომელსაც წინასაარჩევნო აგიტაციის დროს განხორციელებულ ძალადობას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს.
"შევდივარ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით ლაშა ქველაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. ლაშა ქველაძე რა თქმა უდნა არ აღიარებს ბრალს, არ ეთანხმება და ამ ეტაპზე აპირებს სასამართლოს მისცეს ჩვენება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს, მაგრამ ეს უკვე მოსამართლეზეა დამოკიდებული," - განაცხადა ლაშა ქველაძის ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა.
ამ დრომდე არაფერი ისმის "ქართული ოცნების" აქტივისტების შესახებ, რომლებიც უფრო ადრე დააკავეს, ვიდრე ოპოზიციური პარტიის წევრები.