27 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
მეცხრე დღე ყარაბაღში და "კურიერი" კონფლიქტის ზონაში - სროლებისა და დაბომბვის ფონზე მხარეების ურთიერთბრალდებებიც გრძელდება

ყარაბაღში კონფლიქტის მეცხრე დღეს საბრძოლო მოქმდებები არ წყდება. სროლებისა და დაბომბვის ფონზე გრძელდება ურთიერთბრალდებებიც.

ოფიციალური ბაქო, სომხეთს ქალაქ მინგეჩაურის, აფშერონისა და ხიზის მიმართულებით სარაკეტო იერიშის გახორციელებაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ამ შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ერევანი და აზერბაიჯანულ მხარეს სიცრუეში ადანაშაულებს.

კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა დასაშვებად მიაჩნია აზრებაიჯანის პრეზიდენტს - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ტელეარხ "ალ-არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან ჯარებს გაიყვანს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი  საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე კი სრულ პასუხისმგებლობას ოფიციალური ერევანი ბაქოს აკისრებს. ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ავტორები: შმაგი ლიპარტელიანი, ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები