კოვიდინფიცირების მზარდი დინამიკის ფონზე პრემიერ-მინისტრის განცხადებაში პირველად გამოჩნდა გაფრთხილება, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის.
გიორგი გახარია მიანიშნებს, რომ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფი გავრცელება სისტემაში დეფიციტს შექმნის. ამის გათვალისწინებით, მთავრობის მეთაური როგორც მოქალაქეებს, ასევე კერძო სექტორს პასუხისმგებლობისა და ძირითადი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდვითარების შესაბამისად ცვლის პროტოკოლებს როგორც კოვიდინფიცირებულების მკურნალობის მეთოდებთან, ასევე მათი კონტაქტების ტესტირებისა და იზოლაციაში გადაყვანის მიმართულებით. ამ მხრივ დღეს მედიას ახალი წესები ამირან გამყრელიძემ წარუდგინა.
"კოვიდ-19-ის" პარალელურად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას დამატებითი გამოწვევა სეზონური ვირუსების სახით ელოდება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სეზონური ვირუსების საწინააღმდეგოდ 250 000 ადამიანზე გათვლილ ვაქცინის მარაგს შეიძენს. შესყიდვა ერთი კვირის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესი დაიგეგმება.