ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის მიმართვას აპირებენ. ისინი წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებზე საუბრობენ. დარეჯან ცხვიტარიას მტკიცებით, ფოთის საარჩევნო ოლქის კომისიებში წევრების დამოუკიდებელი წევრების კვოტა საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რაც არჩევნების გაყალბების საშიშროებას ქმნის. ასევე დარღვევებია საარჩევნო სიებშიც.
ოპოზიციის მტკიცებით, თითო საარჩევნო უბანზე დაახლოებით 100-მდე ზედმეტი, არარსებული მოქალაქეა შეყვანილი საარჩევნო სიაში, რომლებიც ფოთში საერთოდ არ ცხოვრობენ და საცხოვრებელი ადგილი დიდი ხნის შეცვლილი აქვთ.
პრეტენზია ფიქსირდება ასევე საარჩევნო სიმბოლიკის თავისუფლად განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებით. უკვე რამდენიმე დღეა მათ სარეკლამო პლაკატებს ვანდალურად ეპყრობიან და დაუსჯელად ანადგურებენ.
ოპოზიციის პრეტენზიებს გამოეხმაურა ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც" ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.